English / ქართული / русский /
ნინო ჯალაღონია
დასაქმების თავისებურებები საბანკო სფეროში

ანოტაცია. ნაშრომში გადმოცემულია საქართველოს კომერციული საბანკო სექტორის ზოგადი მიმოხილვა, განხილულია თუ რას წარმოადგენს საბანკო სფერო ქვეყნის ეკონომიკისთვის და რა მნიშვნელობა ენიჭება მას საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. აგრეთვე გამოკვეთილია  ბანკში მუშაობის უპირატესობები და ნაკლოვანებები; თვისებები,  რომელიც ბანკში მუმუშავე ადამიანებს სჭირდებათ. ნაშრომზე მუშაობის  პროცესში ჩატარდა კვლევა კომპიუტერული პროგრამის „Microsoft Forms”-ისსაშუალებით ელექტრონულად. მოხდა  ემპირიული კვლევის შედეგების გაანალიზება და ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანა.

საკვანძო სიტყვები: საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი, საბანკო სფერო, დასაქმება ბანკში, ემპირიული კვლევა, შრომის ბაზარი.

შესავალი

საბანკო სექტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, მისი სტაბილურობა კი ეკონომიკური და საზოგადოებრივი კეთილდღეობის საწინდარია. საქართველოში  საფინანსო ურთიერთობები უძველეს დროში ჩამოყალიბდა და განვითარების მრავალი წინააღმდეგობებით სავსე ეტაპი დაძლია. მიკრო- თუ მაკროგარემო მნიშვნელოვან  ზემოქმედებას ახდენდა მასზე, ეს იყო ომები, კორუფცია, მარეგულირებელი სისტემის არქონა  და კიდევ სხვა უამრავი რამ, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  დაიწყო ამ სექტორის განვითარება.

საბანკო და საკრედიტო სისტემა  რთული და საინტერესო  სფეროა, რომელსაც გარკვეული  თავისებურებები ახასიათებს, მის სრულყოფილ მუშაობაზე დამოკი­დებულია ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. საბაზრო სისტემის  განვითარება წარმოუდგენელია კომერციული საბანკო სისტემის  სწორად მუშაობის გარეშე, რადგან იგი გავლენას ახდენს საბაზრო ეკონომიკის თითქმის  ყველა სფეროზე. ფულადსაკრედიტო სისტემის მთავარ რგოლს სწორედ კომერციული ბანკები წარმოადგენს. ბანკები ახდენენ   სავაჭრო, სამრეწველო, სატრანსპორტო  სფეროების, საოჯახო მეურნეობის, კერძო მეწარმეებისა და ფირმების  დაკრედიტებას  და  ფულადი  სახსრების  მათთვის  მიწოდებას.

კომერციული ბანკები ერთმანეთთან კონკურენციაში იმყოფებიან, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად მორგებული, მობილური და ხელსაყრელი პირობები შექმნან, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებელთათვის. მეტად საინტერესოა თუ რატომ სურს საზოგადოების ნაწილს საბანკო სფეროში მუშაობა, რა ასაკისა და გამოცდილების საზოგადოება მოღვაწეობს კონკრეტულ სექტორში და რა არის მათი მთავარი მოტივაცია და მიზანი.

კვლევის  მიზანი და ამოცანებია  გაირკვეს, თუ რატომ  არის დასაქმებული მოსახლეობა საბანკო სფეროში, რა თავისებურებებითა და თვისებებით  ხასიათდება  კონკრეტული სექტორი, რატომ ანიჭებენ  დიდ მნიშვნელობას საბანკო სექტორში მუშაობას და რამდენად მიმზიდველია საბანკო სფერო მოსახლეობისთვის.

კვლევის საგანს წამოადგენს საბანკო სექტორი, საბანკო სფეროში მომუშავე ადამიანები, კომერციული ბანკები და საზოგადოების ნაწილი, რომლებიც მუშაობდნენ, მუშაობენ ან სურთ მუშაობის დაწყება საბანკო სექტორში. 

კვლევის მეთოდოლოგია

ჩატარებული კვლევა ეფუძნება პირველადი და მეორეული მონაცემების შეგროვებასა და გაანალიზებას.

კვლევის პირველ ეტაპზე განხორციელდა საბანკო სექტორის შესწავლა და მათი ზოგადი დახასიათება. გაირკვა თუ რა როლს თამაშობენ ბანკები ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმების კუთხით და რა ფუნქციები გააჩნიათ მათ.

კვლევის მეორე ეტაპი მოიცავს პირველადი მონაცემების შეგროვებას და გაანალიზებას. პირველადი მონაცემების შეგროვება განხორციელდა რაოდენობრივი გამოკითხვის მეთოდით. საბანკო სფეროში დასაქმების თავისებურებების დადგენის მიზნით 2023 წლის 12 იანვარს ჩატარდა ემპირიული კვლევა კომპიუტერული პროგრამის „Microsoft Forms”-ის საშუალებით ელექტრონულად. კითხვარი, რომელიც 9 კითხვისგან შედგებოდა, გაიგზავნა კორპორაციულ მაილებზე. გამოიკითხა  საბანკო სფეროში დასაქმებული 39 რესპონდენტი. გამოკითხვის პროცესში სრულად დაცული იყო ანონიმურობა, რესპონდენტებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი აზრის დაფიქსირება. გამოკითხულთა შორის  69%-ს შეადგენდა ქალი, ხოლო 31%-ს მამაკაცი. რესპონდენტებიდან ყველაზე უმცროსი ასაკის ბანკის თანამშრომელი 19 წლის, ხოლო ყველაზე უფროსი 49 წლის გახლდათ.  

1.    საქართველოს კომერციული საბანკო სექტორის ზოგადი მიმოხილვა

კომერციული ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირია, რომელიც სხვა საქმიანობასთან ერთად იღებს დეპოზიტებს და თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრებამ მიიღო კანონი „საქართველოს ბანკის დაარსების“ შესახებ, 1920 წლიდან კი ამოქმედდა სახელმწიფო ეროვნული ბანკი.

2018 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა საქართველოს საბანკო ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აერთიანებს საქართველოში მოქმედ საბანკო და საფინანსო-საკრედიტო საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს საბანკო სფეროსთან და გამოხატავს საქართველოს საბანკო საზოგადოების ინტერესებს.

კომერციული ბანკები  მულტიფუნქციურ საქმიანობას ეწევიან როგორც საოპერაციო, ისე საკრედიტო კუთხით. ბანკებს შეუძლიათ ერთდროულად შემოგვთავაზონ  შემდეგი მომსახურება: ანგარიშის გახსნა, ტრანზაქციების განხორციელება  სადებეტო/საკრედიტო ბარათებით სარგებლობა, სესხის აღება და სხვა, თუმცა ბანკების საქმიანობა კანონითაა განსაზღვრული (ლიმიტირებული). ის მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად  საქმიანობს. მათ ჩამონათვალში შედის:

  • დეპოზიტების მოზიდვა;
  • სესხების გაცემა, საერთაშორისო ტრანზაქციები, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გრანტების გაცემა;
  • საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების, ფასიანი ქაღალდების, სავალუტო ინსტრუმენტების, სავალო დოკუმენტების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ქვების გაყიდვა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება;
  • გადახდის საშუალებების გამოშვება;
  • სატრასტო ოპერაციები;
  • საკრედიტო მომსახურება;
  • ქონების იჯარით გაცემა;
  • საგადასახადო მომსახურების განხორციელება;
  • სახსრების მოზიდვა და განთავსება;
  • ქონების ლიზინგით გაცემა და ა.შ.

საბანკო სფერო მოწინავე სექტორია, რომელიც მომსახურების კუთხით ძალიან მიმზიდველი ჩანს როგორც მომხმარებლისთვის, ისე მომსახურე პერსონალისთვის. მისი მრავალფუნქციურობა მაღალ სტანდარტებთანაა დაკავშირებული.

დღეს საქართველოში სულ 14 ლიცენზირებული კომერციული ბანკია. მათ შორისაა:

  • სს "პეისერა ბანკი საქართველო";
  • სს "კრედო ბანკი;"
  • სს "იშ ბანკი საქართველო";
  • სს "პაშა ბანკი საქართველო";
  • სს "ხალიკ ბანკი საქართველო";
  • სს "ტერა ბანკი";
  • სს "სილქ ბანკი";
  • სს "პროკრედიტ ბანკი";
  • სს "ზირაათ ბანკი საქართველო";
  • სს "ბანკი ქართუ";
  • სს "საქართველოს ბანკი";
  • სს "ბაზისბანკი";
  • სს "ლიბერთი ბანკი";
  • სს "თიბისი ბანკი".

საქართველოში  კომერციულმა ბანკებმა 2022 წელს 12 თვის განმავლობაში 1.97 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. მოგების დიდი წილი “თიბისისა” და “საქართველოზე” მოდის. კომერციული ბანკები ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი არა მხოლოდ აწვდიან მომხმარებელს აუცილებელ სერვისს, არამედ ხელს უწყობენ ბაზარზე კაპიტალისა და ლიკვიდურობის შექმნას. კომერციული ბანკები დიდ როლს  თამაშობენ  წარმოების, დასაქმებისა და სამომხმარებლო ხარჯების ზრდაში, რითაც ასტიმულირებენ ეკონომიკას. კომერციული ბანკების მაკონტროლებელი ორგანო ცენტრალური ბანკია. შესაბამისად, კომერციული ბანკები რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მიერ.

 2.    ბანკში მუშაობის უპირატესობები და ნაკლოვანებები

საზოგადოებისთვის ბანკში მუშაობა მომხიბვლელად გამოიყურება, რადგან საბანკო სფერო დაკავშირებულია კარიერულ წინსვლასთან, დასაქმების სიმარტივესთან, დარგის მიმზიდველობასთან, გამოცდილების  შეძენასთან, მაღალ ანაზღა­ურებასთან. საბანკო სექტორს გააჩნია როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებები.

ბანკში მუშაობის უპირატესობებია:

შესაძლებლობების ფართო არჩევანი — ბანკი შედგება სხვადასხვა სახისა და დონის დეპარტამენტებისა და განყოფილებებისგან. საბანკო სექტორი გამოირჩევა სამუშაოს მრავალფეროვნებით. ბანკში დასაქმება  შეიძლება ნიშნავდეს მუშაობას სათავო ოფისში, მარკეტინგის სფეროში, ეკონომიკურ განყოფილებაში, HR განყოფილებაში, საკრედიტო თუ საოპერაციო განყოფილებაში და ა.შ

პროგრესი, კარიერა —  საბანკო სექტორი გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და  შესაძლებლობებით, ყოველთვის არის შანსი კარიერული წინსვლისა და განვითარების. რამდენიმეწლიანი გამოცდილების შემდეგ დაწინაურების შესაძლებლობა დიდია, რადგან ორგანიზაციები და კომპანიები გამოცდილ კადრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

სარგებელი ბანკის თანამშრომლები შეღავათებითა და უპირატესობებით სარგებლობენ. მათ შორისაა ისეთი მომსახურება, როგორიცაა კერძო ჯანდაცვა, ფასდაკლებები იპოთეკურ სესხებსა და  სამომხმარებლო სესხებზე,  საკრედიტო ბარათებზე, დეპოზიტებზე ა.შ.

პრესტიჟი — საბანკო საქმიანობა საზოგადოებაში აღიქმება სასურველად პრესტიჟულად, უსაფრთხოდ და სტაბილურად.

ბანკში მუშაობის ნაკლოვანებები:

დაუცველობა — საბანკო სექტორი ხასიათდება თანამშრომელთა დენადობით, რაც საფრთხეს უქმნის კარიერულ წინსვლას. შემიძლია მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი ამ ფაქტთან დაკავშირებით, 2022 წელს ვითიბი ბანკი ბაზის ბანკის მფლობელობაში გადავიდა, ნაწილი თანამშრომლებისა სამუშაოს გარეშე დარჩნენ, რადგან ახალი სამუშაო პირობები და გარემო მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მსგავსი  სიტუაცია შეიქმნა 2021 წელს, როდესაც ფინკა ბანკი შეისყიდა კრედო ბანკმა.

სტრესული გარემო  მომსახურების სფერო  დაკავშირებულია სტრესთან. ფულ­თან დაკავშირებული საკითხები ადამიანთა უმრავლესობისთვის მგრძნობიარე თემაა. სტაბილურობისთვის აუცილებელია ძლიერი მოთმინების უნარი და ნებისყოფა.

შრომის დაბალი ანაზღაურება და ბუნდოვანება შრომის ანაზღაურება საბანკო სფეროში მცირე და არა სახარბიელოა. ხელფასის შესახებ ინფორმაცია ბუნდოვანია ვაკანსიებშიც, ხშირად მითითებულიც არ არის. მაგალითისთვის შეიძლება განვიხლოთ ლიბერთი ბანკის ვაკანსია Digital კონსულტანზე. ვაკანსია ვებგვერდზე განთავსდა 03.01.2023 წელს (იხ. ვაკანსია N1). 

ვაკანსია N1 - ლიბერთი ბანკის ვაკანსია

ადგილმდებარეობა

ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ვანი, სამტრედია, საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული, ლენტეხი, ცაგერი

სამუშაო გრაფიკი

სტუდენტებზე მორგებული 4-საათიანი სამუშაო გრაფიკი.

ჩვენ ვიწვევთ სამუშაოდ წარმატებულ სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს; ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს. Digital კონსულტანტის პოზიცია ბანკში დასაქმების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია. ეტაპია, რაც "ლიბერთიში” რეალური კარიერული წინსვლის პირობაა.

ძირითადი მოთხოვნები

• უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული/დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტები;

• ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;

• მნიშვნელოვანია უცხო ენების: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

• კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები

 

• მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;

• მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაო­ბისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები;

• თითოეულ შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია; მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;

• მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა, შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები და განახორციელოს კლიენტთა შეუფერხებელი და დროული მომსახურება;

• დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

პროფესიული უნარ-ჩვე­ვები

 

• კომუნიკაბელურობა;

• მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;

• ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;

• გამართული მეტყველება;

•გუნდურობა;

• სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ ლიბერთი ბანკის ვებგვერდის მონაცემების მიხედვით https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=426049 

განაცხადში ნათლად ჩანს, რომ  ძირითად აქცენტი გაკეთებულია შემდეგ უნარ-ჩვევებზე: კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება, გუნდურობა, თავაზიანი მომსახურება, ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ვფიქრობ, ერთ-ერთ ნაკლოვანებად უნდა გამოვყო პროფესიული განათლების  ნაკლებად მოთხოვნა. პრაქტიკამ აჩვენა რომ, ბანკში მომუშავე ადამიანების ნაწილი სულაც არ არის საბანკო-საფინანსო სექტორში გათვითცნობიერებული. ისინი პროფესიით სულაც არ არიან ეკონომისტები, ფინანსისტები, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტები. ეს კი  კარგად ჩანს კვლევაში, რომელსაც დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ.

დამატებით მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ კრედო ბანკის ვაკანსია, რომელიც ვებგვერდზე განთავსდა 05.01.2023 წელს, სადაც უმაღლესი განათლება ეკონომიკასა და ფინანსებში არა სავალდებულო, არამედ სასურველია, ყურადღება კი გამახვილებულია ზოგად უნარებზე. ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია აქაც უცნობია (იხ. ვაკანსია N2): 

ვაკანსია N2 - კრედო ბანკის ვაკანსია

სამუშაო ადგილი: სამტრედია

ბანკის შემოთავაზება:

 

•სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;

•პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;

•კორპორატიულ ღონისძიებებს;

•ჯანმრთელობის დაზღვევას;

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

•კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების შეთავაზება და გაყიდვა;

•კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში;

•კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრებისა და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;

•კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;

•სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;

•ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა, ნებადართულ ვალუტებში ლიმიტების შესაბამისად;

•სალარო და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;

•უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;

•სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი;

•კლიენტის პერსონალური მონაცემებისა და ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა.

მოთხოვნები

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი

სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);

•საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);

•ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

•სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

•ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

•ძლიერი ორგანიზაციული უნარი;

•გუნდში მუშაობის უნარი;

•სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

•განვითარების მაღალი მოტივაცია.

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ კრედო ბანკის ვებგვერდის მონაცემების საფუძველზე  https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=427931

3.     ემპირიული კვლევის შედეგები და ანალიზი

გამოკითხვის მიზანი იყო დაგვედგინა, თუ რა პროფესიის ადამიანები მუშაობენ საბანკო სფეროში, როგორია ასაკობრივი სტრუქტურა და რამდენად სასურველი და მიმზიდველია საბანკო სექტორი. სულ გამოიკითხა ბანკში დასაქმებული 39 ადამიანი. კითხვარი სრულად ანონიმურია, რესპოდენტებმა შეძლეს თავისუფლად დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება.

გამოკითხულთაგან 27 ქალია, 12 კი მამაკაცი. ასაკობრივი სტრუქტურით თუ განვიხილავთ, ჭარბობენ 22 წლის თანამშრომლები, რომლებიც გამოკითხულთა 23% შეადგენენ. მათ უმრავლესობას ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი აქვთ დამთავრებული და მთავარ  მიზანს გამოცდილების მიღება წარმოადგენს. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ უფროსი ასაკი  49 წელია (5%), ისინი  10 წელზე მეტია ბანკში მუშაობენ. 

დიაგრამა N1 - სქესობრივი დიაგრამა

 

წყარო: კითხვარი „დასაქმების თავისებურებები საბანკო სფეროშო“ [2]. 

განათლების კუთხით თუ განვიხილავთ, დასაქმებულთა 43% ბაკალავრია 25% კი  —მაგისტრი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არცერთი დასაქმებული არ სწავლობს დოქტორანტურის მიმართულებით და შესაბამისად არც დოქტორის სტატუსი აქვს. გამოკითხულთა უმრავლესობას ეკონომიკა, ფინანსები და ბიზნესადმინისტრირება აქვს დასრულებული ან სწავლის პროცესში არიან. კითხვარმა აჩვენა ისიც, რომ საბანკო სფეროში დასაქმებულთა ნაწილი პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი და არქიტექტორია, ანუ საერთოდაც არ აქვთ მიღებული განთლება საბანკო-საფინანსო კუთხით. 

დიაგრამა N2 - განათლება

 

წყარო: კითხვარი  „დასაქმების თავისებურებები საბანკო სფეროშო“ [2]. 

ბანკში დასაქმებულთა 61%-ის მიზანი   არის გამოცდილება და სამუშაო გარემო,  კოლექტივი კი გამოკითხულთა 74% მოსწონს. გამოკითხულთა მხოლოდ 5%-ის, რომლებიც 10 წელზე მეტია მუშაობენ საბანკო სფეროში,  მთავარი მოტივი  მაღალი ანაზღაურებაა. 

დიაგრამა N3

 

წყარო: კითხვარი „დასაქმების თავისებურებები საბანკო სფეროშო“ [2]. 

დასაქმებულთა 41% მუშაობს ბანკში 1 თვიდან 1 წლამდე, რომელთა უმრავლესობა სტუდენტია ან ახალი დამთავრებული აქვს ბაკალავრიატი. გამოკითხულთა  მხოლოდ  15%-მა კითხვაზე, თუ რამდენი წელია მუშაობენ ბანკში, დააფიქსირა პასუხად  „10 და მეტი“. 

დიაგრამა N4

 

წყარო: კითხვარი „დასაქმების თავისებურებები საბანკო სფეროშო“ [2]. 

რაც შეეხება ბანკში მუშაობით  კმაყოფილებას, მონაცემები მოცემულია დიაგრამა N5-ში. 

დიაგრამა N5

 

წყარო: კითხვარი „დასაქმების თავისებურებები საბანკო სფეროშო“ [2]. 

როგორც კვლევამ აჩვენა,რესპონდენტთა 43% მოსწონს საბანკო სფეროში მუშაობა, 28,5% კი არ მოსწონს, დანარჩენი ნაწილი  ნეიტრალურად აფასებს ბანკში მუშაობას.

დასკვნა

საბანკო სფერო მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მოსახლეობას ბანკში მუშაობა არა მხოლოდ ანაზღა­ურებისთვის, არამედ გამოცდილებისა და კარიერული წინსვლისთვის სურს, მოსწონთ ხალხთან ურთიერთობა, კოლექტივი და პრესტიჟულობა.

კვლევამ აჩვენა საზოგადოების გარკვეული ნაწილის   ძირითადი მიზანი და ამოცა­ნები, თუ რატომ სურთ მათ ბანკში მუშაობა, რა ასაკობრივი კატეგორიაა დაინტერესებული კონკრეტულ სექტორში კარიერული განვითარების გზის გავლით და რა არის მათი მთავარი მოტივი.

როგორც ზემოთ დავინახეთ, საბანკო სფეროს მრავალმხრივი და მრავალფუნ­ქციური  მოთხოვნები აქვს წაყენებული დასაქმებულთა და სამსახურის მაძიე­ბელთათვის. მათ შორისაა პროფესიული განათლება საბანკო მიმართულებით, გუნდური მუშაობის უნარი, ინდივიდუალურობა, სტრესულ გარემოში მუშაობა, კომუნიკაბელურობა, ლიდერობა.

საბანკო სექტორი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კონკურენტუნარიანი მომსახურების  სფეროა, სადაც ერთმანეთის გვერდით მუშაობენ როგორც გამოცდილი, ისე გამოუცდელი კადრები. საბანკო სფეროში დაცულია გენდერული თანასწორობა, თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით სარგებლობენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები.

კომერციული ბანკები ერთგვარად მასტიმულირებელ როლს თამაშობს ქვეყნისთვის, ქმნიან სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობენ ფულის მიმოქცევას და მომსახურებას უწევენ საერთაშორისო დონის ოპერაციებს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  ბანკის ისტორია. საქართველოს ეროვნული ბანკი - https://nbg.gov.ge/about-us/bank-history
  2. კითხვარი — დასაქმების თავისებურებები საბანკო სფეროში -https://forms.office.com /Pages/AnalysisPage.aspx?AnalyzerToken=BCPBPk2WZJgtQQOVaa2fLu2 nuL8k95Bk&id=8YeznJ0ve0aW_6jCYRmcpkYqeOtGPp9BsY-2Ye 1M4 ZlUN FA0R1FCNU1 ZWUZTSzFCRlJZRVVSNzMzOS4u
  3. ლიბერთი ბანკის ვაკანსია -https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=427931
  4. კრედო ბანკის ვაკანსია - https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=426049
  5.  მარიამ საჩეჩელაშვილი. 2021 წელი, ივანე ჯავახიშვილის სახელწიფო უნივერსიტეტი. საბანკო სექტორი საქართველოში https://geoeconomics.ge/?p=13779
  6. საქართველოს საბანკო ასოციაცია. http://www.association.ge/
  7. კომერციული ბანკები https://www.finedu.gov.ge/ge/komertsiuli-banki-1
  8. What attracts people to work in bank https://www.google.com/search?sxsrf=AJOqlzW cqkweI LNt6_b6cvZuPi_F71n5MQ:1673204766801&q= what+attracts+people+to+work+in+bank&spell= 1&sa=X&ved= 2ahUKEwix14u-1bj8AhVM6qQKHe4aD OgQBSgAegQICBAB&biw=1366&bih=657&dpr=1
  9. Why work in a banking? “ https://www.insidecareers.co.uk/career-advice/why-go-into-banking/#:~:text=Working%20in%20banking%20offers%20a,public%20faith%20in%20the%20industry.
  10. Advantages and disadvantages of working in a bank-  https://clearcheck.co.uk/advantages-and-disadvantages-of-working-in-a-bank/
  11. 8 Pros and Cons of Being a Bank Teller, By Indeed Editorial Team Published November 10, 2021 https://www.indeed.com/career-advice/finding-a-job/pros-and-cons-of-being-bank-teller
  12. Why a Career in Banking? https://www.banktalenthq.com/job-seeker/why-a-career-in-banking/
  13. Top 10 Banking Industry Challenges — And How You Can Overcome Them, by Landy Wingard https://global.hitachi-solutions.com/blog/top-10-challenges-banking-financial-organizations-can-overcome/
  14. Georgian Banking Sector Overview 2022 chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefin dmkaj/https://assets.kpmg/content/dam/kpmg /ge/pdf/2022/georgian- banking-sector-overview-Q1-2022.pdf